საინტერესოა, რომ ასეთი შედეგი 1996 წლის შემდეგ “ლივერპულის” არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. 96–ში კი რობი ფაულერმა 30–ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
პრემიერლიგის ბოლო ტურში, “ბლექბერნთან” გამართულ მატჩში “ელ ნინიომ” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – ის გახდა პირველი ლივერპულელი, რომელმაც ზედიზედ შვიდ საშინაო შეხვედრაში შვიდი ბურთი გაიტანა.
“30 გოლი აქამდე ჯერ არც ერთ სეზონში არ გამიტანია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა”, – აღნიშნავს
“ლივერპულის” საუკეთესო თავდამსხმელი.
საკუთარ წარმატებებს ტორესი იმით ახსნის, რომ ნისლიან ალბიონზე თავს კომფორტულად გრძნობს და ამბობს, რომ მისი მიზანია “ენფილდზე” ლეგენდად დარჩეს:
“ინგლისში ყოფნით ვტკბები. აქ თავს კომპორტულად ვგრძნობ. მინდა ისე ვითამაშო, რომ სამუდამოდ დავრჩე “ლივერპულის” ფანების მეხსიერებაში.
ადრე ვფიქრობდი, რომ ადაპტაციისთვის გაცილებით მეტი დრო დამჭირდებოდა. საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. ცხადია, ყველაფერ ამაში გუნდი დამეხმარა”.
ინგლისში ადვილად ადაპტირებას ესპანელი თავდამსხმელი, პირველ რიგში, ლივერპულელ გულშემატკივრებს უმადლის.
“ენფილდის” ქომაგები ცალკე საუბრის თემაა. ისინი არც მოედანს მიღმა ივიწყებენ პატივისცემას. ქუჩაში ხშირად მხვდებიან ჩვენი მოსისხლე მტრის, “ევერტონის” გულშემატკივრები. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ისინიც მიღიმიან და პრობლემებს არ მიქმნიან.
უდავოა, ინგლისური საფეხბურთო კულტურა ძალიან განსხვავდება ესპანურისაგან”, – მიიჩნებს ტორესი. ისე კი, ყველაფრის მიუხედავად, მშობლიურ პრიმერადივიზიონს “ელ ნინიო” პრემიერლიგაზე მაღლა აყენებს.
“ჩემი აზრით, ინგლისთან შედარებით გუნდის საშუალო დონე ესპანეთში ოდნავ მაღალია. პრემიერლიგის დიდ ოთხეულსა და სხვა დანარჩენ კლუბებს შორის დიდი სხვაობაა”, – ამბობს ფერნანდო ტორესი.