გიტარა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან - კორპუსისა და გრიფისაგან.
გიტარის სარეზონანსო კორპუსი მოგვაგონებს რვიანის ფორმას. კორპუსი შედგება ზედა და ქვედა დეკებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გვერდით. დეკაზე დიდად არის დამოკიდებული ინსტრუმენტის ხმოვანების ხარისხი. ზედა დეკაზე ამოჭრილია მრგვალი ფორმის სარეზონატორო ღრუ. კორპუსის ქვემოთ მიმაგრებულია ქვედა საყრდენი, რომელზედაც მაგრდება სიმების ქვედა წვეროები. გიტარის კორპუსის ბოლოში არის კნოპი, იგი იცავს კორპუსს დაზიანებებისაგან და შეიძლება გამოვიყენოთ ზონარის მისამაგრებლადაც.
გრიფი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მოთხოვნას, იყოს დამკვრელისათვის მოსახერხებელი. მაგალითად: გიტარისტები, რომლებიც უკრავენ ჯაზ ორკესტრებში, იყენებენ სიგანით ვიწრო და ფორმით ოვალურ გრიფიან გიტარას, რადგანაც ეს უკანასკნელნი უკრავენ ეგრეთ წოდებულ ”ბარეს”-ს ილეთის ხშირი გამოყენებით.
გრიფი შედგება ცხრამეტი ლადისაგან (წყობისაგან), რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ზღურბლებით. გრიფის თავზე დამონტაჟებულია სიმების ასაწევ-დასაწევი მექანიზმი. სიმები ლადების დასაწყისში ეყრდნობა ზედა საყრდენს. ლადების ათვლას ვიწყებთ ზემო საყრდენიდან, ქვემო საყრდენისაკენ. სიმების ათვლას კი მაღალი ბგერის მქონე სიმიდან დაბალი ბგერის მქონე სიმისაკენ. ყველაზე მაღალი ბგერა აქვს პირველ სიმს, ყველაზე დაბალი მეექვსეს.
მუსიკალური ინსტრუმენტის ხმოვანების ხარისხი დიდად არის დამოკიდებული სიმების ხარისხზე. ამიტომ ისინი სწორედ უნდა იყვნენ შერჩეულნი.
გიტარის სიმები შეიძლება იყოს ფოლადის და ნეილონის. ფოლადის სიმებს ახასიათებს იშვიათი ჟღერადობა და კარგად ისმის ფართე აუდიტორიაში. სამაგიეროდ მათ აქვთ დიდი ნაკლიც, ისინი ნაწილობრივ ახშობენ თავიანთ ბუნებრივ ტემბრს. მარცხენა ხელის თითების არასწორი დაჭერით იძლევიან ყალბ ბგერებს. ამასთან ფოლადის სიმებისთვის საჭიროა მეტი ძალა, რაც თითებს ტკენს.
ამ მხრივ ყველაზე კარგია ნეილონის სიმები. მათ შედარებით ნაკლები ძალა სჭირდება და ამიტომ ნაკლებად ღლის თითებს. ნეილონის სიმებს აქვს სასიამოვნო ტემბრი, მაგრამ ლითონის სიმებთან შედარებით ბგერის დაბალი სიძლიერე.
სიმი რომ შევამოწმოთ, ამისათვის სიმი ნორმალური დაჭიმვის შემდეგ უნდა შემოწმდეს ღია და მეთორმეტე ლადზე, რომელზედაც უნდა იძლეოდეს ერთი და იგივე ნოტს, რომლებიც ერთმანეთისაგან ოქტავით განსხვავდებიან.
გიტარა უნდა შეინახოთ მშრალ ადგილზე, უნდა მოარიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, რაც ცუდად მოქმედებს ხეზე და ლაქზე. არ არის რეკომენდირებული, რომ ინსტრუმენტი ახლოს იყოს ღუმელთან, მას არ უნდა უდგებოდეს მზე, რაც იწვევს მისი აკუსტიკის დაკარგვას. |