ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან მოსული ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალები იბრძვიან რეგიონის გასაკონტროლებლად. ორივე მხარე ირწმუნება, რომ ცხინვალს აკონტროლებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა რადიო "თავისუფლების" კორეპსონდენტს განუცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული მხარე ინარჩუნებს პოზიციებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა რამდენიმე ობიექტი დაბომბეს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე - მათ შორის სენაკსა და ფოთში. არის ადამიანის მსხვერპლი. ფოთში დაღუპულების რიცხვი, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ინფორმაციით, ორ ათეულს აჭარბებს, არიან დაჭრილებიც. 15 დღით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაცია გამოცხადდა. ამ შინაარსის ბრძანება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ერთხმად დაუდასტურა. საქართველოში საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, გაეროს ოფიციალურად ინფორმირება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საომარი მდგომარეობით გათვალისწინებული სრული მობილიზაცია შეეხება რეზერვს და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას. ნიკა გვარამიას განცხადებით, ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განცხადებით, კოდორის ხეობაში სიტუაცია კონტროლს ფაქტიურად აღარ ექვემდებარება. მთავრობის მედია-ცენტრის ინფორმაციით, რუსული ავიაცია ხეობის თითქმის ყველა სოფელს ბომბავს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე საბჭოს მდივნის კახა ლომაიას განცხადებით, ცხინვალში ვითარებას და ქალაქის გარშემო არსებულ ყველა სიმაღლეს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ. ლომაიას ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები იმყოფებიან ჯავაში, საიდანაც მათი იერიში ქართულმა ქვედანაყოფებმა მოიგერიეს და დღის პირველ ნახევარში მძიმე ტექნიკის 10 ერთეული გაანადგურეს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კახა ლომაიას განცხადებით, საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებმა რუსეთის 10 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს. ლომაიამ ეს განცხადება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა. მისივე ცნობით, ერთი პილოტი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით მხოლოდ ორი თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს და აცხადებს, რომ პილოტების ბედს არკვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი განადგურებული რუსეთის თვითმფრინავის პილოტი დაკავებულია და მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ეროვნული უშიშროების საბჭოს ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მიერ ლიკვიდირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 თვითმფრინავი. ერთი პილოტი დაიღუპა. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ორი ავიაგამანადგურებლის დაკარგვის ფაქტი დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის თქმით, ცხინვალის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი პრაქტიკულად არ ყოფილა. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ცხინვალში ჩვენზე შემოტევისას საპასუხო ცეცხლის გახსნისას, პრაქტიკულად არ ყოფილა“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, "ბოევიკების" გარდა, "ჩვენს ძალებს არავინ მოუკლავთ." რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართვეელოში დაღუპული ადამიანების ოჯახებს პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის მიერ გორის დღევანდელი დაბომბვის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გასულ ღამით, სენაკში რკინიგზის მონაკვეთისა და მე-2 ქვეითი ბრიგადის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 15 და დაიჭრა დაახლოებით 80 ადამიანი. მათი უმრავლესობა რეზერვისტი და სამხედრო მოსამსახურეა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, გორიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, რუსული ავიაციის დღევანდელი იერიშის შედეგად, ქალაქში 4 საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. რუსეთის სამხედრო ავიაციამ დღეს კოდორის ხეობაც დაბომბა. ინფორმაციას მსხვერპლის თაობაზე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ჯერჯერობით არ ფლობს. რუსეთის ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროდრომიც დაბომბა. აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა - მას შემდეგ, რაც გასულ ღამით რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა სენაკის სამხედრო ბაზასა და ფოთის პორტზე. გაეროს უშიშრეობის საბჭოში გაიმართა კონსულტაციები სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ. დიპლომატებმა ესკალაციის შეჩერების გზებზე იმსჯელეს. გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ რუსეთის მხარე დაადანაშაულა სამხედრო აგრესსიაში, რომლის მიზნებს შორისაცაა საქართველოს იძულება, უარი თქვას ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებაზე. [ალასანიას ხმა] "რუსეთი დაუფარავად უცხადებს გამოწვევას საერთაშორისო თანამეგობრობას და საფრთხეს უქმნის დამკვიდრებულ საერთაშორისო წყობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის მთელს რეგიონში. რუსეთის სამხედრო აგრესიის მიზანია, ხელი ააღებინოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და საქართველო და მთელი რეგიონი რუსეთის პოლიტიკურ გავლენას დაუქვემდებაროს." თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმაც მძიმე ბრალდებები წაუყენა ქართულ მხარეს - ის ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდის განხორციელებაში დაადანაშაულა. [ჩურკინის ხმა] "ამასთან, თბილისი გადამწვარი მიწის ტაქტიკას მიმართავს. სამხრეთ ოსეთის მთელი რიგი დასახლებული პუნქტები მთლიანად განადგურებულ იქნა. ზოგიერთი მონაცემით, ქართველი სნაიპერები არ ატარებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს და საშუალებას არ აძლევენ სამედიცინო სამსახურის მუშაკებს, ხალხი გადაარჩინონ." გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა. გავრცელებული ცნობებით, უშიშროების საბჭო დღესვე განაახლებს ამ საკითხის განხილვას. საქართველომ გამოაცხადა, რომ ერაყიდან გაიყვანს იქ განთავსებულ მთელს კონტინგენტს, 2000 სამხედრო მოსამსახურეს რათა დაეხმაროს თავის შეიარაღებულ ძალებს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ძალებთან გამკვლავებაში. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიას განცხადებას ეყრდნობოდა, დაგეგმილი იყო ერაყიდან საქართველოში 1000-მდე ჯარისკაცის ჩაყვანა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამოაქვეყნა განცხადება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია: "შეერთებული შტატები გამოთქვამს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ იერიში ავიაციით და რაკეტებით, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს თავისი სახმელეთო ჯარები საქართველოს ტერიტორიდან. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და მე ვესაუბრეთ მხარეებს და გავაგრძობთ მათთან თანამშრომლობას, რათა შეწყდეს დაპირისპირება. შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს თავის ევროპელ პარტნიორებთან საერთაშორისო შუამავლობისთვის ხელის შესაწყობად. ენერგიულად ვცდილობთ, ამ ძალისხმევაში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ საერათაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ დადგენილი საზღვრების ფარგლებში", ნათქვამია კონდოლიზა რაისის განცხადებაში. პეკინის ოლიმპიადის ორგანიზატორები სინანულს გამოთქვამენ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო და აცხადებენ, რომ კონფლიქტები ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ფასეულობებს. “ყველანი ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გვჯერა, რომ შესაძლებელია ყველა საკითხის მოგვარება დიალოგით”, განაცხადა ოლიმპიური საორგანიზაციო კომიტეტის პერს-მდივანმა ვანგ ვეიმ პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. გუშინ ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. გახსნის საზეიმო ცერემონიას 91 ათასი ადამიანი დაესწრო პეკინის ეროვნულ სტადიონზე. ცერემონიას ოთხ მილიარდამდე ადამიანი უყურებდა ტელევიზიით. ეს ყველაზე ძვირადღირებული საზეიმო გახსნა იყო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. პეკინის ოლიმპიური თამაშები 24 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში 200-ზე მეტი ქვეყნის 10 500 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას სპორტის 28 სახეობაში. ქართველი ათლეტებიდან სპორტულ ასპარეზობაში პირველი ჩაება ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი და წააგო საფრანგეთის წარმომადგენელთან. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისაუბრეს ვითარებაზე საქართველოში. მათი საუბარი გუშინ პეკინში გაიმართა. ხოლო ვაშინგტონიდან გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი, საქართველოდან ჯარების გაყვანისა და საჰაერო იერიშების შეჩერების მოთხოვნით. საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, თბილისში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. პეტრას ვაიტეკუნასის განცხადებით, აგრესიის სიმპტომები აშკარაა და საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია ეს აგრესია შეაჩეროს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მარტო არ არის და მას მეგობრები და პარტნიორები ჰყავს. ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარდასაჭერად მსოფლიო თანამეგობრობა აქტიურ დიპლომატიურ კამპანიას იწყებს.
|