მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, 9:00 საათზე, წირვა-ლოცვას სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რადგან იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებულია. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათთორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მიძინების დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან ცოტა ხნით მიიძინა და მესამე დღეს აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას ლოცვით მიმართავს.