საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს გადასცა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სამთავრობო ძალებმა ცხინვალის რეგიონში ცეცხლი შეწყვიტეს და კონფლიქტის ზონა დატოვეს. ნოტაში აღნიშნულია, რომ დაჭრილებისა და მშვიდობიანი მსახლეობის გასაყვანად ქართულმა მხარემ ჰუმანიტარული დერეფანი შექმნა. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებისთვის სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის სამი წარმატებული ფაზის შედეგად, ქართვეელმა სამხედროებმა მოიგერიეს ოსური მხარის, მოხალისეებისა და რუსეთის რეგულარული არმიის იერიშები, რის შემდეგაც რუსეთმა რეგიონში არსებული ყველა ძალის მობილიზაცია მოახდინა. ამის შემდეგ, იაკობაშვილის განცხადებით, სამთავრობო ძალებში მსხვერპლის მაქსიმალურად აღსაკვეთად ტაქტიკური გადაჯგუფება მოხდა. სააგენტო ფრანს-პრესს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აცნობა, რომ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ქალაქ გორთან მიახლოებას ცდილობენ. კახა ლომაიას განცხადებით, საქართველოს სამთავრობო ძალები ქალაქის დასაცავად მზად არიან. გორი რუსულმა სამხედრო ავიაციამ დღეს კვლავ დაბომბა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დღეს უარყო, რომ იერიშის შედეგად გორის ხიდი დაზიანდა გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ მსჯელობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, რომლის გამოც, ერთიან პოზიციის შემუშავება დღემდე ვერ შეძლო. ამჯერად საბჭოს წევრები საქართველოს ინიციატივით შეიკრიბნენ. საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, საგანგებო განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ბან კი მუნი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ძალადობის ესკალაციის გავრცელება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის გარეთ. გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა. ინტენსიური საჰაერო იერიშის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზემო აფხაზეთში სახმელეთო შეტევაც დაიწყეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, იერიში, რომელშიც აფხაზური ფორმირებებიც მონაწილეობდნენ, სამთავრობო ძალებმა მოიგერიეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოსახლეობამ ზუგდიდის დატოვება დაიწყო. რუსული არმიის იერიშს ზუგდიდზე საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ხანში ელის. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს მობილიზაცია გამოაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის დანა პერინოს განცხადებით, თუ ქართველებმა სამხრეთ ოსეთიდან გასვლა მართლაც დაიწყეს, ეს საზავო შეთანხმების მისაღწევად კარგ საფუძველს შექმნის. "ძალადობის აღსაკვეთად ყველას უნდა მოემოქმედა რაღაც, ქართველების ჩათვლით. ჩვენ ასი პროცენტით ორიენტირებული ვართ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. პრეზიდენტ ბუშის აზრით, რუსეთის პასუხი შეუსაბამო იყო. მეტად გვაშფოთებს უდანაშაულო ხალხის ბედი, განსაკუთრებით საქართველოს შიგნით. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამასვე მოველით რუსეთისგან" - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა დანა პერინომ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ლიდერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებით რუსეთმა წითელ ხაზს გადააბიჯა, რამაც საეჭვოდ აქცია ევროკავშირთან მისი ახალი შეთანხმების თაობაზე შემდგომი მოლაპარაკების მიზანშეწონილობა. ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ პატარა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რეაგირება მხოლოდ ცარიელი განცხადებებით არ შეიძლება. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა და ნატომ ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და წინ აღუდგნენ აღმოსავლეთ ევროპაში იმპერიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გავრცელებას რომის პაპმა საქართველოსა და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. საკვირაო ღვთისმსახურებისას ბენედიქტე მეთექვსმეტემ მხარეებს სთხოვა, თავი შეიკავონ შემდგომი კონფრონტაციისგან, რომელიც ვითარებას კიდევ უფრი დაძაბავს. რომის პაპმა მსოფლიო თანამეგობრობასაც მოუწოდა, მიმართოს ძალისხმევას, რათა მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება შეძლონ. რომის პაპმა აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესია მშვიდობისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვას უერთდება. წირვა-ლოცვა მშვიდობისათვის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. რუსეთის მოქმედებას მან უდიდესი შეცდომა უწოდა ამ დროისთვის არსებული ბოლო, ოფიციალური ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 92 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მუდმივად იზრდება დაჭრილების რაოდენობა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკ ნაგოვიცინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ფლოტი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ძალას არ იყენებს. რუსი გენერლის თქმით, ფლოტის საბრძოლო გამოყენების ფორმა ბლოკადაა. ნაგოვოცინის განცხადებით, რუსეთი ამჟამად ფიქრობს რეაქციაზე, რომლითაც კიევს უნდა უპასუხოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვებელი უწოდა საქართველოს წინააღმდეგ სევასტოპოლში დისლოცირებული რუსული სამხედრო ფლოტის გამოყენებას და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთის გემებს ყირიმში დაბრუნებას აუკრძალავს. რუსეთის მიერ საქართველოსთვის საზღვაო აკვატორიაში სამი ზონის დაწესებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვაო ბლოკადად აფასებს. 3 ზონის დაწესების შეტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საელჩოს გაუგზავნა. კერძოდ, მოსკოვმა 50-კილომეტრიანი დაკვირვების, 30-კილომეტრიანი სახიფათო და 20-კილომეტრიანი აკრძალული ზონები დააწესა. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ დარღვევის შემთხვევაში, რუსული სამხედრო ფლოტი გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის მიზნით ცეცხლს გახსნის. ევროკავშირი რუსეთს აფრთხილებს, რომ მათს ურთიერთობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტმა. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის (ამჟამად საფრანგეთის) განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედა ემხრობა საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე განცხადებაში ევროკავშირი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კონფლიქტის გამო და მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ევროკავშირი მოელის რუსეთისაგან, დაუყოვნებლივ დაყაბულდეს საქართველოს წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი საქართველოში ჩავა კონფლიქტისთვის ბოლოს მოღებისაკენ მიმართული ინიციატივის წარსადგენად. ცხინვალის რეგიონში ქართველ სამხედროებთან ერთად მყოფი ჟურნალისტების გრიგოლ ჩიხლაძის და ალექსანდრ კლიმჩუკის დაღუპვის ფაქტი რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვის“ ჟურნალ ,,Newsweek“-ის რუსული გამოცემის კორესპონდენტმა ორჰან ჯემალმა დაუდასტურა. თურქეთის საინფორმაციო სააგენტო ,,ანატოლიის“ ცნობით, ცხინვალის რეგიონში დაჭრილია ერთი თურქი ჟურნალისტი. საკუთარი კორესპონდენტის დაჭრის თაობაზე იუწყება რუსული ტელეკომპანია ,,ენტევეც.“ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია განაგრძობს პეკინის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის ცნობით, ადრე მიღებული გადაწყვეტილება, ქართველ სპორტსმენებს შეეწყვიტათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და შინ დაბრუნებულიყვნენ, შეიცვალა. შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გააკეთა განცხადება, რომელშიც რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ შეტევას “აგრესიის აქტად” მოიხსენიებს. “ახსნა-განმარტება, რომელსაც რუსეთი იძლევა, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი იცავს საკუთარ მოქალაქეებს. თუმცა, ხალხის დაცვის მოვალეობა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ეკისრება იმ სახელმწიფოს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ამ სახელმწიფოს მიერ გაცემული პასპორტები ან არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. (...) ჩვენთვის მიუღებელი იყო მსგავსი სამხედრო ჩარევა მილოშევიჩის მხრიდან იმ საფუძვლით, რომ დაეცვათ სერბეთის პასპორტის მფლობელები. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ იყენებდა ჰიტლერი აღნიშნულ დოქტრინას ნახევარი საუკუნის წინ, რათა საფრთხეში ჩაეგდო და შეტევა განეხორციელებინა ცენტრალური ევრპის ქვეყნებზე”, - ნათქვამია შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში. რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის პატივისცემის აუცილებლობა. განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა. პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის განცხადებით, საქართველოს ახალი სამშვიდობო ძალები ესაჭიროება. როგორც პრეზიდენტმა შაბათს პოლონეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, “საქართველოს გაეწევა ყველანაირი დახმარება, რაც კი შესაძლებელია”. შეკითხვას, იგულისხმება თუ არა სამხედრო დახმარებაც, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არა აქვს საქართველოში პოლონეთის სამხედრო შენაერთების გაგზავნის გეგმა, მაგრამ “შესაძლებელია ყველანაირი სახის მხარდაჭერის გაწევა”. ლეხ კაჩინსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ პოლონელ პატრიოტებს ისევე უნდა აღელვებდეს საქართველოს ბედი, როგორც პოლონეთისა. “დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა და დავუბრუნდებით ვითარებას, რომელშიც ათწლეულების წინ ვიყავით”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ცხინვალის მისადგომებთან მსუბუქად დაიჭრა ამ ქვეყნის 58-ე არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი. ამ ცნობების თანახმად, 58-ე არმიის კოლონას ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალთან, რის შედეგადაც დაიჭრნენ ხრულიოვი და რამდენიმე ჟურნალისტი. ჩინეთში, სინიანის პროვინციაში შეტაკებების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური მასმედიის ცნობით, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 5 ეჭვმიტანილი, დაიჭრა ორი პოლიციელი და უშიშროების სამსახურის ერთი მუშაკი. სინიანში ბევრი უიგური ცხოვრობს - საქმე ეხება უიგურების ეთნიკურ უმცირესობას, რომლის ნაწილიც სეპარატისტულად არის განწყობილი.
|