დავით IV აღმაშენებელი
1089 წელს აფხაზთა და ქართველთა
მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავითი, შემდგომში აღმაშენებლად
წოდებული. მან ჩაიბარა თურქთა თარეშითა და ერთწლიანი მიწისძვრებით
იავარქმნილი ქვეყანა, რომლის იურისდიქციაშიც თბილისი, კახეთ-ჰერეთი და
ქვემო ქართლი არ შედიოდა.
1125 წელს, ანუ დავითის მეფობის დასასრულს, საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ
ჰეგემონ ზესახელმწიფოდ იყო ქცეული. დავით აღმაშენებლის გამეფებამდე
საქართველოს არც ერთი რეგულარული საჯარისო ნაწილი არ ჰყავდა. ძირითად
სამხედრო ძალას ფეოდალური ლაშქარი წარმოადგენად. მან თავისი მოღვაწეობა
რეფორმებით დაიწყო. პირველ რიგში სამხედრო რეფორმა გაატარა.
სამხედრო რეფორმა:
- შექმნა 5 ათას კაციანი ელიტარული საკავალერიო შენაერთი "მონასპა";
- ჩამოაყალიბა 20 ათას კაციანი რეგულარული კორპუსი;
- მინიმუმ 20 ათასი მებრძოლი გამოდიოდა ფეოდალური ლაშქრის სახით;
- 1018 წელს ჩამოასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. თითოეულ ოჯახს თითო მებრძოლი უნდა გამოეყვანა;
- დავითი იყენებდა ე.წ. როქის სპასაც, ანუ დაქირავებულ ჯარს.
მონასპა:
- 5 ათასი მხადარი. სარდალი - მეფე. ფინანსირება - სახელმწიფო ხაზინიდან, ფუნქცია - მუდმივი სამხედრო სამსახური;
- 20-ათასიანი რეგულარული ჯარი, სარდლები, მეფე, ამირსპასალარი,
ათასისთავები, ასისთავები, ათისთავები, ფინანსირება -სახელმწიფო
ხაზინიდან, ფუნქცია - მუდმივი სამხედრო სამსახური;
- ფეოდალური ლაშქარი, სარდლები, ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები,
ფინანსირება - პირადი შემოსავალი და ალაფი, ფუნქცია - პერიოდული წვრთნა და
უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობა;
- 40 ათასი ყივჩაღი, სარდლები, ათასისთავები, ასისთავები, ათისთავები,
ფინანსირება - პირადი შემოსავალი, ნაწილობრივ - ხაზინა და ალაფი, ფუნქცია
- მესაზღვრეობა და ისლამურ ქვეყნებში თარეში;
- როქის სპა, სარდლები, ტომთა ბელადები, შემადგენლობა - ლეკები,
ქურთები, ჯიქები და სხვა, ფინანსირება - ერთჯერადი ჯამაგირი და ნადავლი,
ფუნქცია - პერიოდულად მონაწილეობა ბრძოლებში.
საეკლესიო რეფორმა:
1004 წელს, რუის-ურბნისში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც საქართველოს ეკლესიიდან განკვეთეს უმსგავსო ხუცესნი.
მოწესრიგდა საეკლესიო კანონმდებლობა. დავითი თავისი სამხედრო ნაწილებით
იცავდა კრებას, რათა განკვეთილ მღვდელმთავართა ნათესავ-ფეოდალების
ზეწოლისგან დაეფარა წმინდა მამები.
იოანე პეტრიწის ხელმძღვანელობით დაარსდა გელათის აკადემია, რომელსაც
ეკლესიისთვის ღირსეული თაობა უნდა მოემზადებინა. რუის-ურბნისის კრების
შემდეგ დავით აღმაშენებელმა სახელმწიფოსა და სასამართლოს მართვის
ბერკეტები ჭყონდიდელ-მთავარეპისკოპოსს გაუნაწილა. გადაწყდა, რომ კანცლერი,
ანუ მწიგნობართუხუცესი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იქნებოდა. ჭყონდიდელი
იყო სააჯო კარის თავმჯდომარეც, ანუ უზენაესი მოსამართლე.
მწიგნობართუხუცესის პრეროგატივას წარმოადგენდა: მთავრობის მეთაურობა,
სახელმწიფო განათლების სისტემის კურირება, საჭიროების შემთხვევაში
მობილიზაციის გამოცხადება. უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება მეფესა და
სავაზიროს ეკუთვნოდა.
სავაზიროში შედიოდა:
- მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი;
- მანდატურთუხუცესი - შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის პრეროგატივაშიც
შედიოდა სახელმწიფო გზების, ფოსტის, ვენახების დაცვა, არასაქალაქო
სექტორში საგადასახადო საქმიანობა და იუსტიცია;
- ამირსპასალარი - რეგულარული არმიის ზედამხედველი;
- მეჭურჭლეთუხუცესი - ფინანსთა მინისტრი; ხაზინადარი - საქალაქო
მეურნეობის მეურვე, მისი ხელქვეითნი იყვნენ: თბილისის ამირა (მერი),
სამეფო ქალაქთა ამირები, სავაჭრო, სახელოსნო და საბანკო გაერთიანებები;
- მსახურთუხუცესი - სამეფო დომენის მმართველი.
სავაზიროში სათათბირო ხმის უფლებით შედიოდა კიდევ სამი პირი:
- საწოლის მწიგნობარი - მეფის პირადი კანცელარიის უფროსი;
- ამილახვარი - გენ. შტაბისა და სამხედრო ზურგის მეთაური;
- ამირეჯიბი - პირადად მეფის მომხსენებელი.
საკანონმდებლო ხელისუფლებას ინაწილებდა მეფე და დარბაზი:
დარბაზის შემადგენლობა:
- ეკლესიის მესვეურნი;
- ადმინისტრაციული ხელისუფლების წარმომადგენლები: ერისთავები, მენაპირე ერისთავები, ერისთავთ-ერისთავები;
- უხუცესები - მინისტრები;
- მკვიდრნი -ვაჭარ-ხელოსანთა ფენის არჩევითი წარმომადგენლები.
დარბაზის პრეროგატივას წარმოადგენდა გადასახადების დაწესება, მეფესთან
ერთად პირთა თანამდებობებზე დამტკიცება, ომის გამოცხადება, ზავის დადება
და მონასტერთათვის ტიპიკონების შედგენა.
სასამართლო ხელისუფლება:
- საკონსტიტუციო სასამართლო - დარბაზი;
- უზენაესი სასამართლო - სააჯო კარი;
- რეგიონული კოლეგიები სოციალური და კორპორაციული ნიშნით.
სოციალური:
- სააზნაურო კოლეგია;
- საგლეხო კოლეგია;
- მოქალაქეთა კოლეგია.
კორპორაციული:
- მევენახეთა კოლეგია;
- მებაღეთა კოლეგია;
- ფეიქართა კოლეგია და ა.შ.
სხვადასხვა სოციალური თუ კორპორაციული წრის წევრთა შორის მომხდარი დავის დროს ორივე კოლეგიის ერთობლივად მოწვევა ხდებოდა.
კოლეგიის წევრი 3 მოსამართლის გარდა, დავითის სასამართლოში იყო პროკურორ-ბრალმდებლის და ადვოკატ-მეოხის თანამდებობაც.
სასამართლოში საქმის აღსაძვრელად საჭირო იყო მინიმუმ 3 მოწმის ჩვენება.
განაჩენი მხოლოდ გამოძიების საფუძველზე უნდა გამოტანილიყო. ორდალიები არ
არსებობდა. ჭყონდიდელის, ანუ სასულიერო პირის ხელდებულ სასამართლოში
ჩვენების მიცემას ქართველი კაცი ზნეობრივ მოვალეობად აღიქვამდე.
ადმინისტრაციული მოწყობა
ადმინისტრაციულ ხელისუფლებას ახორციელებდნენ ერისთავთ-ერისთავები
ქვეშევრდომ ერისთავებითურთ და მენაპირე ერისთავები. მათ პრეროგატივას
წარმოადგენდა:
- რეგიონების მართვა (სამეფო ქალაქების გარდა);
- ფეოდალური ლაშქრის ხელმძღვანელობა.
საერისთავოების ფინანსურ საქმიანობას აკონტროლებდნენ გლეხთა ფენიდან
გამოსული მეფის მანდატურები. დავით აღმაშენებელმა საზოგადოების იერარქიული
დაყოფა ფუნქციური ნიშნით შეცვალა.
მართალია, კვლავაც იერარქიული იყო არმია, ეკლესია და სახელმწიფო აპარატი,
მაგრამ საზოგადოებრივი თვალსაზრისით, აზნაური-ერისთავი, გლეხი-მანდატური
და მოქალაქე-ვაჭარ-ხელოსანი ერთმანეთისგან მხოლოდ სოციალური და
სახელმწიფოებრივი ფუნქციით განსხვავდებოდნენ და არა კლასობრივი
მეტ-ნაკლებობით.
ეს იყო რენესანსი საზოგადოებრივ სფეროში.
საპოლიციო სისტემა
დავით აღმაშენებელმა ჩამოაყალიბა სამი სახის საპოლიციო აპარატი:
- სამოქალაქო პოლიცია - მანდატურთუხუცესის სახელო;
- კრიმინალური პოლიცია - მპარავთმძებნელის აპარატი, რომელიც აღჭურვილი
იყო გამარტივებული და მობილური სისხლის სამართლის კოდექსით, ე.ლ.
სამპარავთმძებნელო კოდექსით;
- ფარული პოლიცია - მსტოვართა ინსტიტუტი, რომლის ფუნქციასაც ქვეყნის
შიგნით, როგორც ავის განმზრახავთა, ისე სახელმწიფოსთვის კეთილის მსურველთა
აღმოჩენა და შესწავლა წარმოადგენდა. ქართველი მსტოვრები უცხო ქვეყნებში
მოქმედებდნენ, როგორც მზვერავები და ძლიერ აგენტურულ ქსელს ქმნიდნენ.
საგადასახადო პოლიცია
დავით აღმაშენებელმა, თბილისის განთავისუფლების შემდეგ,
დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა შექმნა, რისი მეშვეობითაც, როგორც
ევროპელთათვის, ისე მუსლიმანთათვის საქართველოში ფინანსური გარიგებების
წარმოება უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე მათ მშობლიურ ქალაქებში. შედეგად,
თბილისი მსოფლიო სავაჭრო ცენტრად, ხოლო საქართველო კი, მსოფლიოს უმდიდრეს
სახელმწიფოდ გადაიქცა.
ეკონომიკა
დავით აღმაშენებელმა "საგადასახადო ინსპექცია", ანუ მაშინდელი
მანდატურები გლეხთა ფენიდან აარჩია. ლოგიკა მარტივია. საქართველოში
ძირითად საწარმოო ძალას ფეოდალები წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მეფისგან
განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი გლეხი-მანდატური ყოველმხრივ
მოერიდებოდა "ურჩგადამხდელ" ერისთავთან ალიანსს, რამეთუ, ამით საკუთარ
ძალაუფლებას აგდებდა საფრთხეში (გამჟღავნების შემთხვევაში); თანაც თუკი
იგი, რგორც მოხელე, პირუთვნელ რეპუტაციას მოიპოვებდა, შანსი ჰქონდა,
მეფისგან აზნაურის ხარისხი მიეღო და თავად გაფეოდალებულიყო.
საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია
XI-ის 30-იანი წლებიდან თურქ-სელჩუკებმა დაიწყეს თარეში
აღმოსავლეთში. მათ დაიპყრეს სპარსეთი, ერაყი, სირია, პალესტინა, ბიზანტიის
იმპერიის აზიური ნაწილი - სომხეთი. ვინაიდან ამ ტერიტორიებზე არ წყდებოდა
ბარბაროსული რბევა, ვაჭრებისთვის შეუძლებელი შეიქმნა ძველი მსოფლიო
სატრანზიტო გზით სარგებლობა. ეს გზა, ბიზანტიის პროვინცია ანატოლიიდან,
სომხეთზე გავლით, სპარსეთს უკავშირდებოდა. იმდროინდელი საერთაშორისო
ვაჭრობის სისტემისთვის ყველაზე ოპტიმალური საქართველოს გზით სარგებლობა
აღმოჩნდა და XI ს-ში "აბრეშუმის გზამ" საქართველოზე გაიარა.
ეს ყოველივე დავით აღმაშენებლის პაპის, ბაგრატ IV-ის დროს მოხდა. მსოფლიო
სატრანზიტო გზის მეშვეობით მოტანილი სარგებლის გამო, როგორც ბიზანტია, ისე
აღმოსავლეთის ქვეყნები, ჯერ კიდევ XI-ის 60-იანი წლებისთვის, საქართველოს
უმდიდრეს ქვეყნად მიიჩნევდნენ, მაგრამ დავით აღმაშენებლის გამეფებამდე
საქართველომ ვერ მოახერხა ამ ფაქტორის პოლიტიკური თვალსაზრისით გამოყენება.
დავით აღმაშენებელმა მსოფლიო ისტორიისთვის შექმნა მანამდე არნახული
სრულყოფილი სახელმწიფო სისტემა. გააერთიანა ქვეყანა, ჩამოაყალიბა
მსოფლიოში უძლიერესი არმია და "აბრეშუმის გზა" მსოფლიო ჰეგემონიის ერთ-ერთ
უმთავრეს საფუძვლად აქცია.
1095 წელს, კლერმონში, რომის პაპმა ურბან II-მ, თურქ-სელჩუკთაგან
ისერუსალიმის გასათავისუფლებლად "ჯვაროსნული ლაშქრობა" გამოაცხადა.
ევროპის რჩეული რაინდები ზღვითა თუ ხმელეთით პალესტინისკენ დაიძრნენ. ამ
გადაწყვეტილებამდე ურბან II ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა
მიიყვანა, რომელიც დავით აღმაშენებლის მამიდის, მარიამ დედოფლის შვილობილი
იყო.
როგორც ჩანს, დავითმა გამოიყენა კონსტანტინოპოლის ქართული დიასპორა,
აამოქმედა მსტოვართა აპარატი და ალექსი კომნენოსის და ურბან II-ის
საშუალებით თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ევროპის მხრიდან მეორე ფრონტის
გახსნას მიაღწია. "ჯვაროსნული ლაშქრობა" მსოფლიო ომი იყო, რომლითაც
ყველაზე მეტად საქართველომ ისარგებლა და არა მარტო გაერთიანება,
გათავისუფლება და აღზევება, არამედ მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევა
მოახერხა.
1121–1225, 1337–1387 წლებში, ანუ 150 წლის განმავლობაში მსოფლიო ჰეგემონი და ზესახელმწიფო საქართველო იყო.
დავით აღმაშენებელმა, არა მარტო გამოიყენა გეოპოლიტიკური ფაქტორი -
"აბრეშუმის გზა", არამედ ჯვაროსნული ომის პროვოცირებით, თავად შექმნა
ახალი საერთაშორისო სიტუაცია და ეს ომი მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო
შემთხვევაა.
- 1119-21 წლებში იერუსალიმის ჯვაროსანი მეფე ბოლდუინი საქართველოში იმყოფება.
- 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში იბრძოდნენ ჯვაროსნები;
- ანა კომნენის ცნობების თანახმად, იერუსალიმის გათავისუფლებაში მონაწილეობდა დავით აღმაშენებლი.
ასეთ წარმატებებს დავით აღმაშენებლი უდიდესი განათლების, სიმამაცის,
საოცარი ეკლესიურობის, ღვთაებრივი ნიჭის წყალობით აღწევდა. დავითის
პიროვნულ თავისებურებებზე არაერთი ისტორიული ფაქტი მეტყველებს.
განათლება ფუჭია სულიერების გარეშე
დავით აღმაშენებლის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის წარმატების
უპირველესი საფუძველი მისი განსწავლულობა და გონების განუწყვეტელი წვრთნა
იყო. თავისუფალ დროს იგი წიგნის კითხვას მიეცემოდა. ლაშქრობის დროსაც კი
ბიბლიოთეკა თან ურმით დაჰქონდა. დავითი კითხულობდა ღვთისმეტყველთა
ნაშრომებს. ასე ეცნობოდა ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო
და სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ, სამართლებრივ სფეროში. მას
ესმოდა, რომ ქვეყნის წარმატების საწინდარი მძლავრი განათლების სისტემის
არსებობა იყო.
როგორც ვიცით, დავითის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, კათოლიკოს
იოანეს, გიორგი ჭყონდიდელის და სხვა ღირს მამათა თაოსნობით დაარსდა
გელათის აკადემია, სადაც ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტროლოგია,
მუსიკალური ხელოვნება, ფილოსოფია, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკური
დისციპლინები ისწავლებოდა. გელათი მომავალი საქართველოსთვის კადრებს
ზრდიდა. გელათის აკადემიის რექტორი, ანუ მოძღვართ-მოძღვარი თვით
კათოლიკოსსა და მეფეზე უპირატესი პატივით სარგებლობდა. მეფე და პატრიარქი
ქვეყნის იმდღევანდელ ბედ-იღბალზე აგებდნენ პასუხს, გელათის აკადემიის
მოძღვართ-მოძღვარი კი ხვალინდელი საქართველოს სახიერებისა და არსის
განმსაზღვრელი იყო. მონასტრები ძალზედ ძლიერ სავაჭრო ცენტრებს ფლობდნენ
თბილისსა და სხვაგან.
განათლება ფუჭია სულიერების გარეშე. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს დავით
აღმაშენებელზე კეთილმსახური, ღირსი და თავმდაბალი მონარქი. მას მოძღვრის
კურთხევის გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სხვადასხვა დროს მისი
მოძღვრები იყვნენ: მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი.
დავითი მეუფე გიორგი ჭყონდიდელმა აღზარდა. დავით აღმაშენებლის კეთილქრისტიანობაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტი:
- დავითმა კეთროვანებისთვის ააშენა ქსენონი. ის ხშირად დადიოდა
კეთროვანებთან, მოიკითხავდა, მამასავით უვლიდა, ქროსა და სანოვაგეს,
ახალ–ახალ შესამოსელს არ აკლებდა, სულიერად ამშვიდებდა და სათითაოდ
ეამბორებოდა.
- დავითს წესად ჰქონდა, ერთ ქისას პირთამდე აავსებდა დრაჰკანით და
ცდილობდა დღის ბოლომდე მთელი თანხა გლახაკებისთვის გაენაწილებინა. ფრიად
განიცდიდა, თუკი დღის ბოლომდე მოწყალების მთხოვნელი არ შეხვდებოდა და
ქისას ვერ დაცლიდა. ამ დროს იყტოდა ხოლმე: "დღეს ვერ მივეც ქრისტესა
მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა". მათხოვრებისთვის განკუთვნილ თანხას დავითი
არც ხაზინიდან იღებდა და არც გადასახადებიდან, არამედ საგლახაკო შესაწირი,
ყოველთვის პირადი ღვაწლით ჰქონდა მოპოვებული: ომით, მუშაკობითა თუ
ნადირობით.
ერთხელ, თავის მოძღვარ იოანეს, გლახაკთათვის დასარიგებლად, პირადი
ღვაწლით მოპოვებული 24 ათასი დრაჰკანი მისცა. ეს დღეისთვის რამდენიმე
ათეულ მილიონ ლარს შეესაბამება. დავითი თვლიდა, რომ ჯარის სიმტკიცის
საფუძველი ქრისტიანულ ზნეობაში იყო. ამიტომაც, არმიაში კრძალავდა სალაღობო
სიმღერებსა და ზღვარს გადასულ ხუმრობას. მშიშარა, უწესო, რწმენაშერყვნილ
ჯარისკაცებს დედაკაცის სამოსს აცმევდა და ასე თავლაფდასხმულს, ჯარის წინ
ჩამოტარებით არცხვენდა. ამით ყოველ მებრძოლს წინასწარ შთააგონებდა, რომ
სიკვდილი სჯობდა უზნეობასა და ბრძოლის ველზე უკან დახევას.
ყოველი წინასწარ დაგეგმილი ომის წინ დავითი ჯარს ამარხულებდა და
სარწმუნოებას კიდევ უფრო ამტკიცებდა მათში. იგი სიმკაცრესთან ერთად
უაღრესი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ამის დასტურია "გალობანი
სინანულისანი", სადაც ის არა მარტო მოძღვრის, ქრისესა და ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის არამედ სრულიად კაცობრიობის წინაშე ამბობს აღსარებას.
აღიარებს და ცრემლის ინანიებს ყოველ ჩადენილ, ნაფიქრალ, გულისთქმად
დარჩენილ, არაცნობიერში ჩაბეჭდილ ცოდვას.
დავით აღმაშენებლი თითქმის ყველა მოგებულ ომს ინანიებს, რადგან ფიქრობს,
რომ ურჯულოთაგან ქალაქებისა და ხალხის გათავისუფლების სურვილის გარდა,
მეტი სახელის მოპოვების ანგარებიანი გრძნობაც ამოძრავებდა.
დავით აღმაშენებლის თავმდაბლობა და მართლმორწმუნეობა საოცრად ჩანს მის
დროს დამკვიდრებული ხუროთმოძღვრული სტილითაც. თუ დავითის ეპოქამდე,
საქართველოს ეკლესიათმშენებლობაში გაბატონებული იყო ზესწრაფული მანერა,
მაგალითად ბაგრატი, სვეტიცხოველი, ალავერდი, მან ეს დამდაბლებული და
სივრცეში განვრცობილი სტილით შეცვალა.
სვეტიცხოველი თუ ალავერდი ადამიანის ზეცისკენ, უფლისკენ ზესწრაფვის ქვაში
გამოსახული ძეგლებია. გელათის სიმდაბლე და განვრცობილობა მრევლისთვის იმის
შეხსენებაა, რომ ქრისტე თავად მოვიდა დედამიწაზე, თავად განხორციელდა,
განკაცდა, ფეხები დაბანა ადამიანებს, მდაბალთა ცოდვების გამოსასყიდად
ჯვარს ეცვა და, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწოდა "რომელმან დაიმდაბლოს თავის
თვისი, იგი ამაღლდეს, ვისაც პირველობა სურდეს, მსახურად იქცეს".
გელათის სიმაღლეში დამდაბლებული და სირვცეში გაშლილი არქიტექტურა
მოწოდებაა შთამომავალთათვის, რომ ვისაც სურს ჭეშმარიტად განაგრძოს ქრისტეს
გზა "დაე მან დაიმდაბლოს თავი თვისი და მსახურად ექცეს მოყვასთ". დავითის
დროს ქვაფენილებით იყო მოკირწყლული საქართველოს როგორც მთავარი, ისე
მეორეხარისხოვანი გზები... დავითსა და მის მემკვიდრეებს განსაკუთრებით
მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ტამპლიერებთან (ევროპელი მეტაძრეები), რომლებიც
შემოწირულობებს არ იშურებდნენ იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრისთვის.
ამის დასტურია ამ მონასტრის 1155 წელს გადაწერილი სვინაქსარი, რომელშიც
მრავალი გარდაცვლილი ტამპლიერი რაინდის სახელია მოხსენიებული: "აცხოვნე
ღმერთო ჩვენი ძმა..." ( ესა და ეს) უფალს შესთხოვდნენ ქართველი ბერები.
XIII ს-ის მიწურულამდე არ შეწყვეტილა ევქარისტული კავშირი საქართველოს
ეკლესიასა და რომის პაპს შორის, რისი დასტურიცაა 1259 წელს რკონის
ღვთისმშობლის ეკლესიისთვის შედგენილი კახა თორელის ანდერძი, რომლიდანაც
ნათლად ჩანს, რომ რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, 1054 წელს მომხდარი
განხეთქილებიდან 200 წლის შემდეგაც, რომის პაპს ქართველები კვლავაც
მოიხსენიებდნენ ლოცვებში (ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც
ევროპელმა რაინდებმა ათონის მთა დაარბიეს, ქართველი ბერები დახოცეს და
გაიტაცეს და რომში გადაასვენეს წმ. იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელების
წმინდა ნაწილები... 1439 წელს ფერარა-ფლორენციის კრებაზე საქართველოს
ეკლესიის წარმომადგენელი (ბერძნებისგან განსხვავებით) უკვე კატეგორიულად
ეწინააღმდეგებოდა რომის პაპთან უნიას...
საინტერესოა ერთი ფაქტიც: დავითის ცოლყოფილმა, რომელიც იერუსალიმში
მონაზვნად იყო აღკვეცილი, ძელიცხოვლის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი მიჰყიდა
ფრანგ ჯვაროსნებს. საქმე ისო იყო, რომ 1108 წელს შიმშილობა დაემუქრა
იერუსალიმის მონასტრებს. იმ პერიოდში სელჩუკებთან ომის მიზეზით საქართველო
ვერ უკავშირდებოდა წმინდა ქალაქს. მატერიალური შემწეობა იგვიანებდა.
დავითის ცოლყოფილმა დიდძალ თანხად ჯვარი შესთავაზა ჯვაროსნებს. როდესაც
ამის შესახებ ევროპაში შეიტყვეს, არნახული ოდენობის შემოწირულობა შეკრიბეს
და ქართველი დედოფლისგან შეძენილი წმინდა საგანძური დიდი პატივით
დააბრძანეს პარიზმში, ნოტრდამის ტაძარში. ეს პირველი ძელიცხოვლის ნაწილი
იყო დასავლეთ ევროპელთათვის.
V-XI სს-ების ევროპა თვალის ერთი გადავლებით
476 წელს რომის დაცემასთან ერთად დაეცა დასავლეთ ევროპული კულტურაც.
ამიერიდან, არისტოკრატიას ბარბაროსი გერმანელი აზნაურები შეადგენდნენ
ესპანეთშიც, საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიცა და იტალიაშიც. მათთვის უცხო იყო
ყოველივე ანტიკური. მართალია VI ს-დან ბარბაროსებმა კათოლიკობა მიიღეს,
მაგრამ წერა-კითხვის უცოდინარი ფრანკების, ვესტ-გუთებისა თუ
ანგლო-საქსებისთვის, რომელთაც ყმებად აქციეს გარყვნილი, მაგრამ
ცივლიზებული ევროპის ხალხები, მიუწვდომელი იყო როგორც არქიტექტურული
ტექნოლოგიები, ისე ფერწერა, მწერლობა, მეცნიერება და ა.შ. VI-VIII სს-ი
სრული სიბნელის ეპოქაა დასავლეთ ევროპისთვის. ახალგაქრისტიანებული
გერმანელები სატანისტურად აღიქვამდნენ, გაურბოდნენ და სპობდნენ ანტიკურ
მემკვიდრეობას. პრაქტიკულად, ვერც ერთი ძველი ქანდაკება თუ ნახატი ვერ
გადაურჩა განადგურებას.
რაც შეეხება ბიზანტიას, VIს-ში იუსტინიანეს იმპერატორობის დროს აშენდა
აია-სოფია, შეიმქნა იუსტინიანეს კოდექსი, ბიზანტია დაეუფლა იტალიას,
ესპანეთის სანაპირო ზოლს. მაგრამ VII ს-ში, ერთი მხრივ, მონოთელიტურმა
მწვალებლობამ და, მეორე მხრივ, ისლამის წარმოშობამ და არაბთა
გააქტიურებამ, საუკუნოდ მოსწყვიტა ცივილიზებულ კაცობრიობას შუამდინარეთი,
სირია-პალესტინა, სპარსეთი, ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა. VIII ს-ში
ხატმებრძოლთა ერესმა არნახული ზიანი მიაყენა თვით ბიზანტიის შიგნით
მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობას. VIII ს-ში რომის პაპმა ჰგმო ბიზანტიაში
გაბატონებული ხატმებრძოლური იდეოლოგია და აქცენტი ფრანკთა სამეფოზე
გააკეთა. 800 წელს ფრანკთა მეფე კარლოს დიდი რომის იმპერატორად ეკურთხა.
ფარნკთა იმპერია მესამე რომი იყო. დაიწყო ე.წ. "კაროლინგური აღორძინება",
თუმც რომელ აღორძინებაზეა საუბარი, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ 843 წელს,
ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ დაიწყო გერმანიის, იტალიისა და
საფრანგეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების გამიჯვნის პროცესი.
რომელ აღორძინებაზეა საუბარი, როდესაც თავად კარლოს დიდი წერა-კითხვის
უცოდინარი იყო.
ასე იყო თუ ისე, კაროლინგური პერიოდი მაინც წინგადადგმული ნაბიჯია ევროპის
გამოღვიძების თვალსაზრისით, მაგრამ ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელებულა.
X ს-დან ინტენსიურად იწყება სკანდინავიურ ნორმანთა (ვიკინგთა) თარეში
საფრანგეთში, იტალიაში, ბრიტანეთსა და გერმანიაში, რამაც კიდევ ერთხელ
გამოიწვია ევროპული კულტურის სტაგნაცია.
როდესაც ქრისტეს საფლავის გათავისუფლების მოტივით დაიწყო ჯვაროსნული
მოძრაობა, რაინდთა ძირითად ნაწილს სწორედ ნორმანები შეადგენდნენ და
მათთვის აღმოსავლურ, პალესტინაში არსებულ ქართულ კულტურასთან გაცნობა
სრულიად წარმოუდგენელ სამყაროსთან ზიარებას ნიშნავდა. აკი, ამ დროს
საქართველოს უკვე ჰყავდა ასურელი მამები, ხანძთელი ბერები, ათონელი
წმინდანები...
ანდერძი
დავით აღმაშენებლის მსოფლმხედველობას ბრწყინვალედ ამჟღავნებს მისი
ანდერძი, რომლის თანახმად წმ. მეფე გელათის კარიბჭეში დაკრძალეს, რათა
მისთვის ფეხი დაედგათ მკერდზე ყოველთა. დავით აღმაშენებელს, როგორც
ხელმწიფეს, ალექსანდრე მაკედონელს ადარებდნენ და უმჯობესად მიიჩნევდნენ,
როგორც სწავლულს; ცოდნის ხომალდად წოდებულ ბასილ დიდს ადარებდნენ; ხოლო
როგორც წმინდანს, მოციქულთა სწორად მოიხსენიებდნენ, ვითარცა პავლესა და
ვითარცა კონსტანტინე დიდს. აკი დავით აღმაშენებელმა მილიონზე მეტი
ყივჩაღი, შირვანელი თუ სომეხი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
დავით აღმაშენებელთან თეოლოგიურ საკითხებზე კამათში მარცხს განიცდიდნენ
როგორც ტერტერები, ისე მოლები. მისთვის უცხო არ იყო ჩვეულებრივი
ადამიანური მიჯნურობა, მაგრამ უფლის სიყვარულმა და ხელმწიფის მოვალეობის
გრძნობამ ყოველ ადამიანურ სისუსტეზე და ქალის ტრფიალებაზეც ათქმევინა
უარი. მან იცოდა, რომ ამქვეყნად არაფერია ქრისტეს თუნდაც ერთი სიტყვის
ფასი. მთელი თავისი ლალ-მარგალითი ანდერძით ერთადერთ ხატს - ხახულის
ღვთისმშობელს შესწირა. ამით შთამომავლობას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ
ყოველი სიმდიდრე და ყოველი განძი, მხოლოდ და მხოლოდ უფლის, ღვთის
სადიდებლად უნდა განიხარჯოს.
დავით აღმაშენებელი ავტორია შიო მღვიმელის მონასტრის ტიპიკონისა. მან ააგო
საქრისტიანოს მშვენება, წმინდა ეკატერინეს ლავრა სინას მთაზე, რომელიც იქ
მდებარეობს, სადაც ღმერთმა მოსეს ათი მცნება აუწყა.
დავითმა საქართველო მკვდრეთით აღადგინა და სანაცვლოდ, მხოლოდ ერთადერთი
თხოვნა დაგვიბარა: დიდი მარხვის ყოველ პარასკევს შიო მღვიმის მონასტერში
თბილ სეფისკვრს განუყოფდნენ მის სახელს. დიდი მარხვის პირველი შვიდეულის
პარასკევს, თითო კარასეული განიცეს, სეფისკვერთან და კორკოტთან ერთად
შესვან ყოველთა და შემდეგი სიტყვები ილოცონ წმინდა მეფის სულზე: "უფალო
ღმერთო, დავითს მიუტევე ბრალნი მისნი სიყმისა და ცდომილებისანი".
მსგეფსში, კვირას მისთვის წირვა აღევლინებოდეს და შიო მღვიმელი მღვდელი იმ
დეს სერსა განჰყოფდეს. დავითის გარდაცვალების დღეს ღამისთევით ილოცონ და
მისთვის ჟამის წირვა აღესრულებოდეს.
დავით აღმაშენებლის ზეციურ სამყაროსთან კავშირზე მეტყველებს შემდეგი
ფაქტიც. დავითმა მუსლიმანთა ბატონობისგან გაათავისუფლა სომხეთის ისტორიული
დედაქალაქი ანისი, ხელახლა გაანათლა და აკურთხა მიზგითად ქცეული ანისის
მთავარი საყრადრი, რომელიც ბერძენი დედოფლის კატრონიტეს მიერ იყო აგებული.
კატრონიტე საყდარში იყო დასაფლავებული. დავით აღმაშენებელი კათოლიკოსის,
ეპისკოპოსისა და ლაშქრის თანხლებით მივიდა კატრონიტეს საფლავთან. დედოფალს
ხელახლა აუგეს წესი და თვით მეფემან სამგზის საფლავსა ჩასძახა: "გიხაროდენ
შენ, წმინდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა
ხელთაგან". დავითის სიტყვების პასუხად საკრძალავში მდებარე დედოფლის
ძვლები შეინძრა და ცხედარმა შესძახა: დიდება უფალს!!!